რედაქტორისგან
ლიტერატურულ წრეებში მას იცნობენ, როგორც ნიჭიერ და განათლებულ ფილოლოგს, ჩინებული ესეების და ანალიტიკური ნარკვევების ავტორს. ბაჩანა ბრეგვაძის სიტყვები რომ მოვიშველიოთ, „თემურ ქორიძე შესანიშნავი ლიტერატორი, ჭეშმარიტ სულიერ ფასეულობათა უტყუარი კრიტიკული ალღოთი ზუსტად განმცდელი და შემფასებელია“. ანალოგიური თვალსაზრისი გამოთქმული აქვს როსტომ ჩხეიძესაც: „თემურ ქორიძის ღრმა განსწავლულობა და აზროვნების დახვეწილობა მარჯვედ მიგნებულ ფსიქოლოგიურ დაკვირვებებს ჩინებულ ლიტერატურულ ფორმას ანიჭებსო“, – შენიშნავს ცნობილი მწერალი და მეცნიერი.
უფროსი თაობის ადამიანთა მეხსიერებას დღემდე წარუშლელად მოჰყვება ბობოქარი ოთხმოციანი წლების დაუვიწყარი ქრონიკები. მათ წარმოსახვაში კი შეუძლებელია არ გაიელვოს სახემ იმ პიროვნებისა, ვინც მაშინ თავისი შთამბეჭდავი ორატორული ხელოვნებით ათასების მხურვალე სათქმელს გამოხატავდა და უანგარო მამულიშვილობის მაგალითს იძლეოდა. იმ პერიოდში თემურ ქორიძე სამჯერ სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ჭრილობებით თავი არასოდეს მოუწონებია, შერყეული ჯანმრთელობის გამო საყვედური არ დაცდენია.
სამშობლოს სამსახურს ის მუდამ თავგანწირვისთვის მზადებას უკავშირებდა და ეს განცდა მასში იშვიათ თავმდაბლობასთან იყო შერწყმული.
დღეს, როდესაც სახელმწიფო სამსახურში და საერთოდ, პოლიტიკაში ყოფნა, ბევრისთვის არა საზოგადოებრივი, არამედ მარტოოდენ პირად კეთილდღეობაზე განუხრელი ზრუნვის ასპარეზადაა ქცეული, ვინმეს შეიძლება დაუჯერებლად მოეჩვენოს ის ფაქტი, რომ თავის დროზე მაღალი მდგომარეობის მქონე თემურ ქორიძემ ქალაქის ცენტრში მისთვის გამოყოფილი ფართო და ნათელი აპარტამენტები ყოველგვარი ხმაურის გარეშე საჩუქრად გადასცა ხელმოკლე ადამიანებს. თავად კი კვლავ ქალაქის გარეუბანში აგრძელებს მოკრძალებულ ცხოვრებას. ამის აღნიშვნა დღეს მართლაც საჭირო და აუცილებელია, რაღა თქმა უნდა, არა მხოლოდ თვით თემურ ქორიძის პიროვნული ღირსების წარმოჩენისა და აღიარებისათვის. არც იმის გახსენება იქნებოდა ურიგო, რომ შეთავაზების მიუხედავად თემურ ქორიძემ თავის დროზე კატეგორიული უარი განაცხადა უკანონო სახელმწიფო საბჭოში შესვლაზე.
ის არასოდეს დახარბებია პატივს და პრივილეგიას, სამაგიეროდ, გამუდმებით იღვწის ახალგაზრდობის დასახმარებლად, მუდამ მათ გვერდით დგას და სრულიად უანგაროდ უზიარებს ცოდნას და გამოცდილებას.
ამასთან ერთად, თემურ ქორიძე წინამორბედთა სანიმუშო დამფასებელიცაა. სამაგალითოა აკაკი გაწერელიას ხსოვნისადმი მისი გაუხუნარი მოკრძალება და პატივისცემა. ასე მხოლოდ კარგი შეგირდები მიუზღავენ სათაყვანებელ ოსტატებს...
წინამდებარე „ჩანაწერების“ მკითხველი ნამდვილად მოიხიბლება კრებულის თემატური მრავალფეროვნებითა და თხრობის დახვეწილი მანერით.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ჩანაწერის თარიღი წიგნში ზუსტადაა მითითებული. ამაში მკითხველი ადვილად დარწმუნდება, თუკი თვალს გადაავლებს იმ პერიოდულ გამოცემებს, სადაც თავის დროზე ეს მასალა გამოქვეყნდა (გაზ. „შანსი“, „აისი“, „ახალი ეპოქა“, „საქართველო“, „საქართველო და მსოფლიო“, „არჩევანი“ და სხვ.).
ჩვენ წინაშეა მომხიბლავი ესეისტური მიგნებები და მძაფრი პუბლიცისტური აქცენტები, რომლებიც უთუოდ აღგვავსებს გულწრფელი სულიერ-ინტელექტუალური თანაგანცდით. სწორედ ასეთი თანაგანცდის გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ ამ რამდენიმე ხნის წინათ ლიტერატურულ პრესაში გამოქვეყნებული მკვლევარის და ესეისტის – ნინო ჩხიკვიშვილის წერილი-მიმართვა, რომლის ადრესატიც თემურ ქორიძე გახლავთ: „... ნუ მოანატრებთ თქვენს მკითხველს თავს! თქვენი კალამი დღეს განსაკუთრებით სჭირდებათ ქართველებს, იქნებ იმაზე უფრო მეტად, ვიდრე თავის დროზე. და თუ რატომ გახდა თქვენი დაბრუნება ასე აუცილებელი ქართულ ლიტერატურაში, ახლა ამაზე საუბარი რომ დავიწყო, მაშინ ეს წერილი ბარათს კი არა, გამოკვლევას უფრო დაემგვანება და ამიტომ მოკლედ მოვჭრი: თქვენ აუცილებლად უნდა დაუბრუნდეთ აქტიურ ლიტერატურულ მოღვაწეობას! ნუ გაიღიმებთ, ნურც პირფერობაში ჩამომართმევთ; ეს ნამდვილად ასეა!“
დიახ, ეს ნამდვილად ასეა!
თუმცა, კაცმა რომ თქვას, თემურ ქორიძე ლიტერატურიდან არც არასოდეს წასულა. თავის მყუდრო სენაკში გამოკეტილი, ის გაუთავებლად კითხულობს და კითხულობს და... დროდადრო წერს კიდეც.
ბესიკ გვაზავა